თეგი: საგამოძიებო კომისია

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება. დადგენილების პროექტი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიის შექმნის მიზეზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ შესაძლო ძალადობრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფაქტების შესწავლა. ასევე, მის მიმართ სამედიცინო მომსახურების ხარისხის, დროულობისა და შესაბამისობის შემოწმება. ამასთან, დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის გამოსაკვლევი საკითხი იქნება ასევე მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომებია მიღებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. „პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. შეგახსენებთ, რომ თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ამ დროისთვის მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა

ე.წ. ქოლ-ცენტრები მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მიერ შეიქმნას საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვა სამსახურებიც იქნებიან ჩართული, რაც აღნიშნული ქოლ-ცენტრების საქმიანობას გამოიძიებს. ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ არაკანონიერ საქმიანობაში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების ჩართულობაზე ინფორმაციას ფლობს. "პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები გაასაჯაროვა და მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგებიც გაასაჯაროვა და ყველაფერი არის ნათელი, მაგრამ ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლის ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას ქვეყანაში. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო და კიდევ ვიმეორებ, რომ მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული ჩემი ინფორმაციით, ამის თაობაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ რამდენიმე პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც, კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი ეს დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით სხვებზე გადაბრალება, ამ შემთხვევაში, მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფასების სტაბილურობის დარღვევის მიზანმიმართული ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ალექსანდრე რაქვიაშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა. „ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მთავარი გამოძიების საგანი იქნება ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების შეთანხმებული მოქმედება. 2020-2021 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა ფულის მიწოდება, რაც 2021 წლის მეორე ნახევარში ორნიშნა ინფლაციაში გამოიხატა. გაზრდილი ფულის მიწოდების პირობებში, კომერციულმა ბანკებმა რეკორდული მოგება მიიღეს. იმის გათვალისწინებით, რომ კომერციული ბანკების და მათთან აფილირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკის პოლიტიკას იცავდნენ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეროვნულ ბანკზე კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება - ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა უგულებელყოფილი იყო საბანკო სისტემის სუბსიდირებისთვის“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა. მისი განმარტებით, სახეზეა კონსტიტუციის 68-ე მუხლის დარღვევა, რაც პარლამენტს უჩენს ვალდებულებას, აღნიშნული გადაწყვეტილებების გარემოებები გამოიძიოს. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ გეგმავს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში, 3 თვის განმავლობაში საკითხის შესწავლის მიზნით საჯაროდ გამოკითხოს საქმესთან დაკავშირებული პირები.  ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით საქმის შესწავლის შემდეგ  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ალექსანდრე რაქვიაშვილმა კოლეგებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „იმ ვითარებაში, როცა ცოტანი ვართ ოპოზიციაში ასეთი საგამოძიებო კომისიის შექმნა რთულია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა, მოვუწოდებთ ყველა პარტიას, პოლიტიკოსს, დამოუკიდებელ დეპუტატს, რომ მხარი დამიჭირონ, რათა უკვე სექტემბერში გვქონდეს შანსი შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  

51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა 51 დეპუტატებმა, საორგანიზაციო დეპარტამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა. პარტია "ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მათ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ჯგუფის მხარდაჭერა აქვთ და აუცილებელია, საგამოძიებო კომისიამ უნდა გაარკვიოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან. "ვარეგისტრირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობას რუსეთის სპეცსამსახურებთან. ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დაიწყება განხილვა და სწრაფად დადგება კენჭისყრაზე - საზოგადოება ელოდება პასუხს", - თქვა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, 12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა განცხადება  გაავრცეკა, სადაც წერს რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.  

სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიურო სხდომაზე ხმაური მოჰყვა. "აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგშია, თუმცა კენჭისყრაზე დღეს არ გავა", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.  

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ „სოლიდარობის აქტად" შეაფასა. „საპარლამენტო უმრავლესობაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გავიაროთ რეგისტრაცია კენჭისყრამდე. ეს არის სოლიდარობა ქართველი მოსამართლეების მიმართ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რეგისტრაციის დაწყების წინ. დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად დაგეგმილი იყო სასამართლო სისტემაში კორუფციისა და სხვა დარღვევების შემსწავლელი საორგანიზაციო კომისიის შექმნა.  

კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ისევ ვერ შედგა

კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, დღესაც კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია ქართველი მოსამართლეების სოლიდარობის ნიშნად ისევ არ გაიარა. „კოლეგებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს. აქედან გამომდინარე, დღესაც არ გაივლის საპარლამენტო უმრავლესობა რეგისტრაციას", - აღნიშნა კობახიძემ. 18 აპრილს, კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს განიხილავდნენ, კენჭისყრების გარეშე დასრულდა. საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არც გუშინ გაიარა.  

საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის - პაპუაშვილი

საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა ინსტრუმენტი კონფრონტაციის, პოლარიზაციის  – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ელჩი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები საგამოძიებო კომისიის ინსტრუმენტს სრულად გამოიყენებენ „ეს არის, რასაც ისინი საერთო ჯამში ბოლო ორი წელია, აკეთებენ, მას შემდეგ, რაც საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე. საქართველოს ხელისუფლების განაცხადისთანავე სწორედ კონფრონტაციისკენ მიჰყავდათ ყველაფერი, მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგაც ვნახეთ, რომ მცდელობები იყო დესტრუქციისა. ამიტომ, ეს ვინაიდან არის ინსტრუმენტი, რომელსაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, გამოიყენოს იმისთვის, რომ იყოს მეტი კონფრონტაცია, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. ამავე დროს, ეს პროცესი გვაჩვენებს კიდევ ერთ სავალალო მდგომარეობას ჩვენი ოპოზიციის, რომ ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რაც ხდებოდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც თითქოს მრავალფეროვანმა ოპოზიციამ გვაჩვენა, რომ ისინი სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ მოქმედი გაერთიანებები არიან, ახლაც ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულ მაშინდელ ოპოზიციას, რომელმაც ბევრმა მაშინ ინანა, დაიშალნენ, ნაწილი შემოვიდა პარლამენტში, ნაწილი უფრო მოგვიანებით. დღეს ზუსტად იმავე მდინარეში შედიან, რომელშიც შევიდნენ 2020 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად გაფორმდნენ. ახლაც ვუყურებთ, რომ ეს პროცესი საგამოძიებო კომისიისა არის „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი ორგანიზაციების მიერ განვითარებული პროცესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.  

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ - თალაკვაძე

რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ... საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტში ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა. მეორე მიზეზია ის, რომ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე - სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, რათა სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.